აქცია პარლამენტთან

გახარია: უპრობლემოდ გადავდგები, როგორც კი საჭირო იქნება

ლიბერალი

შს მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია არის "მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფამდე". კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან ხდება, რადგან მისმა უწყებამ შემოუშვა რუსი დეპუტატი საქართველოში, შს მინისტრი პასუხობს, რომ "არ ვიცი, ვის გვარს მეუბნებით, არ მახსოვს ეგ დეპუტატი". 

"რუსი დეპუტატების საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული სამართლებრივი საფუძველი და ეს არის ოკუპაციის შესახებ კანონი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული მოქალაქე არ უნდა იყოს შესული აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე. ამ ჯგუფიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოაგდო 2 დეპუტატის გვარი, რომელსაც დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და არ შემოუშვა ისინი ქვეყანაში. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ ჯგუფის სიაში არ ყოფილან და სამართლებრივი საფუძველი მათი არ შემოშვების არ არსებობდა.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დამთავრდება ეს, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, ვინ გადადგება, ვინ დარჩება" - თქვა გახარიამ, რაზეც კითხეს, თავად გადადგება თუ არა.

"უპრობლემოდ, როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები" - თქვა შს მინისტრმა. ხოლო, კითხვაზე, რას ელოდება, გიორგი გახარიამ არ უპასუხა და ტერიტორია დატოვა. 

კომენტარები