თბილისი პრაიდი

Tbilisi Pride: სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი

Tbilisi Pride

საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობის ფაქტს თბილისი პრაიდი ეხმაურება. აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, რომლებიც სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლას აპროტესტებენ. თბილისი პრაიდი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - შეწყვიტოს მტერი სახელმწიფოს მიმართ ღია კარის პოლიტიკის წარმოება და დაასრულოს საკუთარი ლგბტქი მოქალაქეების საზოგადოების მტრად წარმოჩენა. 

"გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიზიტი უშუალოდ პრაიდის კვირეულში მიმდინარეობს და ასევე ვაცნობიერებთ რა, რომ "ღირსების მარშის" გამართვის მიზანშეწონილობის საკითხის პოლიტიზაცია სხვა მიზეზებთან ერთად რუსეთთან მიმართებით მოხდა, გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება. 

მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო მის მოქალაქეებს უცხადებს, რომ ის მათ ვერ მისცემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ვერ დაიცავს ფიზიკური განადგურებისგან, მზადაა უზრუნველყოს რუსეთის დუმის იმ დეპუტატების სტუმრობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას.

ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს 300 000 დევნილი, საქართველოს პარლამენტი თავს უფლებას აძლევს, უმასპინძლოს რუს დეპუტატებს, მეორეს მხრივ კი საკუთარ მოქალაქეებს გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. 

რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს არათუ ჩვენი დევნილი მოქალაქეების, არამედ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსაც. რუსეთში ლგბტქი საკითხებზე საუბარი კანონით ისჯება, ხოლო მოსკოვის პრაიდის გამართვის აკრძავა ვლადიმერ პუტინის პირად ახირებად რჩება დღემდე. რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ისევე ნადირობენ ლგბტქი ადამიაენებზე, როგორც კავკასიელ და განსაკუთრებით კი ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე. 

თბილისი პრაიდი სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეებს, რომლებიც ამ უტიფარ ქმედებას აპროტესტებენ და მოუწოდებს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები; შეწყვიტოს მტერი სახელმწიფოს მიმართ ღია კარის პოლიტიკის წარმოება და დაასრულოს საკუთარი ლგბტქი მოქალაქეების საზოგადოების მტრად წარმოჩენა. 

დღეს, "ღირსების მარშის“ მხარდაჭერა გასცდა ლგბტქი თემის უშუალო საჭიროებების მოთხოვნას და ის ჩვენი საზოგადოებსი ღირსების საკითხად იქცა. დღეს შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ რამდენიმე რამეს შორის: 

პრორუსული პოლიტიკა = ჰომოფობიას, ძალადობას, ავტორიტარიზმს, კორუფციას...

დემოკრატიისკენ სწრაფვა = ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და მატერიალური განსხვავებებისა თანასწორუფლებიანი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა.

სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი"
- წერია განცხადებაში.

თბილისში "ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმება, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებულია. მარში ლგბტ კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც, თავის მხრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებებს მოიცავს. მის ჩატარებას ძალადობრივი ჯგუფები ეწინააღმდეგებიან. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, კი 16 ივნისს "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ჩაშლას. 

ამ შეხვედრაზე ვასაძე როგორც აქტივისტებს, ისე პოლიციელებსაც დაემუქრა და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმების შექმნა დაიწყო, რომლებიც მისივე თქმით, "გაინაწილებენ ქალაქს და იპატრულირებენ", მათი იარაღი კი ქამარი უნდა ყოფილიყო, რითიც "მათ ხელებს შეუკრავენ და მიაბრძანაბენ იმ ადგილიდან". ვასაძე ასევე პოლიციასაც დაემუქრა. თქვა, რომ თუკი სამართალდამცავები მათ რომელიმე წევრს დააკავებენ, სიძულვილის ჯგუფები ხელში კომბლებით შეიარაღებულები ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. 

მის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. გამოძიების დაწყების დღესვე, ვასაძემ თქვა, რომ ქუჩებში დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს, რადგან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირობა მიიღეს. თუმცა, მეორე დღეს, 18 ივნისს ვასაძემ სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მისი დაჯგუფებები მზადყოფნაში არიან და თუკი პრაიდი "რამეს დააპირებს", გააკეთებს იმას, რაც ვერის ბაღში დაიგეგმა. 

კომენტარები