რუსული ოკუპაცია

გოგუაძე: დღეს ამ ხელისუფლებამ გვაკადრა და საქართველოს მოქალაქეებს ღირსება შეგვიმოწმა

დღეს ამ ხელისუფლებამ გვაკადრა და საქართველოს მოქალაქეებს ღირსება შეგვიმოწმა, თავმოყვარეობა შეგვიმოწმა. მან იფიქრა, რომ ჩვენ ისე მოვდუნდით, ისეთი დაპირისპირების მორევში ჩავიხრჩეთ, ისეთი სიძულვილი გადმოიღვარა საქართველოს ქუჩებში ამ ბოლო დღეებში, რომ ჩვენი მთავარი მტერი გამოგვეპარებოდა.

აქ ვართ სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პარტიის, ყველანაირი წარმომავლობის ადამიანი და ვიცავთ მთავარს - საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

საოცარი განცხადება გააკეთა კალაძემ, მან გვითხრა, რომ ამ აქციის ორგანიზატორმა ჩვენს გუნდს მიაყენა დარტყმაო. მე მინდა ვუთხრა ბატონ კალაძეს, რომ სწორედ მისმა გუნდმა მოგვაყენა დარტყმა ჩვენ, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, საქართველო იქნება თავისუფალი ხალხის ქვეყანა.

რასაკვირველია, ფორმალურად პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა პარლამენტში, არის ირაკლი კობახიძე, მაგრამ ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ კობახიძე არ არის მთავარი პოლიტიკის გამტარი ამ ქვეყანაში. ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს და აიღოს ოფიციალურად პასუხისმგებლიბა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რაც მოხდა

თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი ნინო გოგუაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.

კომენტარები