თბილისი პრაიდი

დიღმელაშვილი: ბიბლიაში სიმდიდრეზე ცოდვები 333-ჯერ უფრო აქტუალურია, ვიდრე ჰომოსექსუალობა

მოკლედ, რიცხვებში:

ბიბლია შეიცავს მხოლოდ 6 ვერსს, რომელიც განსჯის ჰომოსექსუალობას. სულ ვერსების რაოდენობა კი 31,000-ზე მეტია.

გამოდის, ბიბლიის 0.01%-ზე ოდნავ მეტი ეთმობა ჰომოსექსუალობას, როცა გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა ფულს – მომხვეჭელობასთან, სიმდიდრესთან, სესხებასთან და ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ცოდვიან საკითხებს. ასეთი სულ 2000 ვერსია, საერთო რაოდენობის დაახლოებით 6%.

ანუ სიმდიდრესთან დაკავშირებული ცოდვები ბიბლიისთვის 333-ჯერ უფრო აქტუალურია, ვიდრე ჰომოსექსუალობა. ეს ისე, სუფთა რაოდენობრივი თვალსაზრისით.

ახლა შევხედოთ ხარისხობრივს: ჰომოსექსუალობის ცოდვას ბიბლია თავისი სიმძიმით უტოლებს ღორის ჭამას, კრიტიკულ დღეებში ცოლთან სექსს, წვერის გაკრეჭას, შერეული მატერიის ტანსაცმლის ჩაცმას, სხვადასხვა სახეობის ცხოველთა შეჯვარებას და ტატუს გაკეთებას. მეტიც, ზუსტად ერთი სიტყვით, "საძაგლობად" მოიხსენიებს ამათგან პირველ ორს. მწვადის ჭამა და ჰომოსექსუალობა არა მხოლოდ ერთი სიმძიმის, ერთი დახასიათების მქონე ცოდვებია.

იმ კონტრაქციაზე ყველა, ვისაც ტატუ აქვს, მწვადი უყვარს, წვერს ისწორებს, 100%-ზე ნაკლები cotton აწერია იარლიყზე, სახლიდან გამოსვლისას დედას ტყუილი უთხრა, რომ არ ენერვიულა, უჩუკენია და ა.შ. ზუსტად ისევე სცოდავს ღმერთთან, როგორც ისინი, ვისი "ცოდვილობის" წინააღმდეგაც გამოდიან – როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის მიხედვით. და კიდევ უფრო მეტადაც სცოდავენ, რადგან ვიღაცას ერჩიან

ყველა მღვდელი, ვინც ისე ხატავს ამბავს, თითქოს ქრისტიანობისთვის ორიენტაცია არის გადამწყვეტი საკითხი ან ძალაუფლებას დახარბებული მატყუარაა, რომელიც ღვთის სიტყვას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ამახინჯებს, ან ქრისტიანულ ფასეულობებში ვერგარკვეული თვითმარქვია. ამ ორივე შემთხვევას ბიბლია უფრო მკაცრად განსჯის, ვიდრე ჰომოსექსუალობას.

საპირისპიროდ, ქრისტიანობისთვის გადამწყვეტი საკითხებია სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა, ანუ ზუსტად ის, რის წინააღმდეგაც ეს "ქრისტიანები" გამოდიან.

კონკრეტულად ლევან ვასაძე კი ცოდვების როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლებით უსწრებს პრაიდს, რადგან ყველაფერთან ერთად – მდიდარია. რა ვიცი, ბიბლიის მიხედვით ასეა და ერთმორწმუნე კრემლს უფრო როგორ უნდა, ბაზარი არაა, ეგ ვასაძემ უკეთ იცის.

პ.ს. ქრისტიანმა თეოლოგებმა ეს ფართო კონტექსტი აუცილებლად უნდა აუხსნან მორწმუნეებს, თორემ არ იციან, რომ ძველი აღთქმით, რაღა ჯინსი გიჩუქნია ბიჭისთვის, რაღა საქორწინო ბეჭედი. და ახალი აღთქმით, რაღა შენი ჩამოგიკრავს, რაღა სხვისი. ერთი და იგივეა. თუ კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანი ბიბლიაა, მაშინ მართლა ბიბლია იყოს. დავიღალე ამ "თან ბაბა, თან ჩიჩიას" ყურებით. ფანატიზმში მაინც ვიყოთ თანმიმდევრულები.

წერს Facebook-ზე Forbes საქართველოს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი.

კომენტარები