ჯამალ ხაშოგის მკვლელობა

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ხაშოგის საქმეზე საერთაშორისო გამოძიების შექმნას ითხოვს

მუჰამედ ბინ სალმანი
AP

გაეროს ადამიანის უფლებათა გამომძიებლის თქმით მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს და სამეფოს სხვა ოფიციალურ პირებს საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან კავშირი აქვთ.

სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის საკითხზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, აგნეს კალამარდის თქმით ქვეყნებმა სანქციები უნდა გააფართოვოს და სანქციებმა ტახტის მემკვიდრე და მისი ქონებაც უნდა მოიცვას, სანამ არ დამტკიცდება, რომ ის ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებელი არ არის.

"სპეციალური მომხსენებლის დასკვნაა, რომ ხაშოგი გახდა გამიზნული, წინასწარ დაგეგმილი სიკვდილით დასჯის მსხვერპლი, რომლისათვისაც საუდის არაბეთის სახელმწიფო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით არის პასუხისმგებელი." ნათქვამია მის ანგარიშში.

ანგარიში 6-თვიანი გამოძიების შემდეგ მომზადდა. გამოძიების ფარგლებში კალამარდი თურქეთშიც იმყოფებოდა და ექსპერტებთან ერთად მუშაობდა. მას მტკიცებულებები თურქეთის ოფიციალურმა პირებმა გააცნეს.

"არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც იძლევა მაღალი რანგის საუდელი ოფიციალური პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველს, მათ შორის პრინც მუჰამედ ბინ სალმანის." თქვა კალამარდიმ. მან გაეროს გენერალურ მდივანს ამ საკითხზე საერთაშორის გამოძიების შექმნა სთხოვა.

განცხადებას ოფიციალური რიადისგან რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია. სამეფო ჟურნალისტის მკვლელობასთან მუჰამედ ბინ სალმაის კავშირს კვლავ უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს. საუდის არაბეთმა მკვლელობასთან კავშირის გამო 21 პირი დააკავა, 11-ს ბრალად უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობა ედება, მათგან 5-ს სიკვდილით დასჯა ემუქრება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის მრჩევლებიც.

ხაშოგი ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის პოლიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. განსაკუთრებით, საუდის არაბეთის სამხედრო ინტერვენციას იემენში და სამეფოს ტახტის ახალ მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

ხაშოგის მკვლელობას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დანიამ საუდის არაბეთს იარაღის მიყიდვა შეუჩერა, ხოლო გერმანიამ იარაღის გაყიდვის სამომავლო კონტრაქტები გაწყვიტა.

ამერიკული მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანგარიშში არ სამხილები, რომლითაც დასტურდება, რომ მკვლელობის განსახორციელებლად მისი თანხმობა აუცილებელი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, ეს კავშირი არ დასტურდება და ის შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას საუდის არაბეთთან.

სამეფოს ტახტის მემკვიდრისა და ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები