თბილისი პრაიდი

კოფი სიძულვილის ჯგუფებზე: იმედი მაქვს, ქართველი ხალხი მიხვდება, რომ მათ უკან რუსეთი დგას

Anadolu Agency

Heritage Foundation-ის საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ლუკ კოფი საქართველოში ბოლო დროს სიძულვილის ჯგუფების გააქტიურების საკითხს ეხმაურება. 

საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, რომ ის, რაც თბილისი პრაიდის ირგვლივ სიძულვილის ჯგუფების მიერ ხდება, სწორედ რუსული ხელწერაა. 

ამის შესახებ ლუკ კოფი ჟურნალისტებს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ კონფერენციის "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში" დაწყებამდე ესაუბრა. 

"რუსეთს აქვს ისტორია, ისეთი სოციალური თუ პოლიტიკური საკითხების წამოჭრისა, რომელიც საზოგადოებასა და პოლიტიკურ პროცესს ხლეჩს. რუსეთი ლგბტ ადამიანთა უფლებების მსგავს საკითხებს იმისთვის იყენებს, რომ ქართული საზოგადოება დაყოს. ეს ჰიბრიდული ომის ტექნიკის გამოყენების კიდევ ერთი გზაა. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ ტაქტიკას არ წამოეგება და მიხვდება, რომ ამ პრობლემების მთავარი შემოქმედი დიდი ალბათობით სწორედ რუსეთია,"- ამბობს ლუკ კოფი. 

ამასვე ამბობს კიდევ ერთი საერთაშორისო მიმომხილველი, აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში მაიკლ კარპენტერი. მისი თქმით, მსგავსი დაჯგუფებები ძალიან სახიფათონი არიან, რადგან მათ პოლიტიკური დესტაბილიზაციის პოტენციალი გააჩნიათ. 

პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს ვერის ბაღში "მხოლოდ კაცები" დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულს. ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ სიძულვილის ჯგუფებს რაზმების შექმნისაკენ მოუწოდა, რომლებიც: 

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ". 

ამასთან, პრორუსი ბიზნესმენი პოლიციაზე ძალადობითაც დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მათი წევრების დაკავებას შეეცდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები