თბილისი პრაიდის ორგანიზატორები პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, განცხადებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება მის მიერ გაჟღერებულ მუქარაზე.
"თბილისი პრაიდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს.
სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:
ჯგუფი იქმნება იმისთვის, რომ პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს ("ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან") - განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 144);
ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ;
ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა;
სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე,"- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, 16 ივნისს ვერის ბაღში "მხოლოდ კაცები" დაპატიჟა, რათა სიძულვილის ჯგუფებს ერთად ემსჯელათ, თუ როგორ ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულს.
ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ სიძულვილის ჯგუფებს რაზმების შექმნისაკენ მოუწოდა, რომლებიც:
"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ".
ამასთან, პრორუსი ბიზნესმენი პოლიციაზე ძალადობითაც დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მათი წევრების დაკავებას შეეცდებიან.
იურისტები ტაბულასთან საუბრისას ამბობენ, რომ ვასაძის მიმართ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არსებობს.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება ვასაძის მიმართ, სადაც გვითხრეს, რომ პასუხს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.





