თბილისის პრაიდი

შსს: დავიცავთ ყველას გამოხატვის თავისუფლებას, თუ არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს

ტაბულა

"პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს," - შსს მომდევნო დღეებში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შეკრებების მონაწილეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენების დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიებაა დაწყებული. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 14 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მიმდინარეობისას პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა კონტრაქციის 28 მონაწილე. ზემოაღნიშნულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ასევე, დაწყებულია გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება," - წერია შსს განცხადებაში. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

კომენტარები