თბილისი პრაიდი

ჩუგოშვილი: რა მოწოდებაც არ უნდა გააკეთოს საპატრიარქომ, კონსტიტუცია არის კონსტიტუცია

თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატს, თამარ ჩუგოშვილს, ჟურნალისტებმა საპატრიარქოს განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, 18-23 მაისს დაგეგმილი თბილისი პრაიდი არ დაუშვან. 

ჩუგოშვილი ამბობს, რომ რა მოწოდებაც არ უნდა გააკეთოს საპატრიარქომ, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი კონსტიტუცია იქნება, რომელიც ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას იცავს. 

"საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს, მათ განცხადებაც გააკეთეს და მათი მოსაზრება გასაგებია, თუ რას ფიქრობენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუმცა, რა მოწოდებაც უნდა გაკეთდეს, კონსტიტუცია არის კონსტიტუცია და კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი,"- თქვა ჩუგოშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ შეკრებილი სიძულვილის ჯგუფების მიღმა შესაძლოა რუსეთი იდგეს. მისივე განმარტებით, ამ დასკვნის საფუძველს მას ამ ჯგუფების მიერ პარტნიორი ქვეყნების საელჩოების მიმართ გაკეთებული აგრესიული განცხადებები აძლევს. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

კომენტარები