თბილისი პრაიდი

Tbilisi Pride: ვასაძის მუქარა რეალური საფრთხის შემცველია, შსს-მ გამოძიება უნდა დაიწყოს

Facebook/ Tbilisi Pride

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურებიან. 

პრაიდის ორგანიზატორთა თქმით, მუქარა რეალური საფრთხის შემცველია და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. 

"ლევან ვასაძე უკვე მეორედ იმუქრება მართლწესრიგის დარღვევით, ადამიანებზე და პოლიციელებზე ძალადობით და გადატრიალებით. ამჯერად, გუშინდელი მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი პრაიდის კვირეული სულ რამდენიმე დღეში იწყება, ნამდვილად შეიძლება, ითქვას, რომ მუქარა არის რეალური საფრთხის შემცველი და შსს-მ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ შემთხვევაზე გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააკეთონ შეფასება, შეიცავს თუ არა მოცემული განცხადება დანაშაულის ნიშნებს,"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პოსტში. 

პრორუსმა ლევან ვასაძემ 15 ივნისს სიძულვილითა და ჰომოფობიით სავსე მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც როგორც აქტივისტებს, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიძინა ივანიშვილს დაემუქრა

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

კომენტარები