თბილისი პრაიდი

შსს: კონტრაქციაზე ადმინისტრაციული წესით 28 ადამიანი დავაკავეთ, 21 ხელწერილით გავათავისუფლეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ კანცელარიასთან მიმდინარე ძალადობრივი და ჰომოფობიური ძალების კონტაქციაზე სულ 28 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყება მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმა ხულიგნობას ედავებოდა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დაკავებულებიდან 7 ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, დანარჩენები კი გვიან ღამით ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.

"სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის 28 მონაწილე, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ," - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უწყება დეტალურად სწავლობს ინციდენტების ამსახველ ვიდეო-მასალას და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

"აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში," - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან აგრესიული ჰომოფობიური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება.

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, ისმოდა მუქარის შეძახილები, თავს დაესხნენ რამდენიმე ჟურნალისტს.

კომენტარები