ლგბტ კვირეული

მამა ანდრია: პასუხისმგებლობა TBILISI PRIDE-მა უნდა აიღოს, ჩვენი განცხადება პრევენციული იყო

ქართული არხი

მთავრობის კანცელარიასთან "ვითარების გასაცნობად" საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა. მისი აზრით, პასუხისმგებლობა TBILISI PRIDE-მ უნდა აიღოს. 

"საპატრიარქომ განცხადება გააკეთა და მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავის თავზე, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას და საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა, მაინც ხდება ასეთი ქმედებების ორგანიზება. მთელი პასუხიმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამის ორგანიზება მოახდინა“, - პირველი არხის ცნობით, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან. კონტრაქციის კიდევ 5 მონაწილე დააკავეს მოგვიანებით.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ კანცელარიასთან ორი ყვითელი ავტობუსი მიიყვანა. ისინი lgbtq აქტივისტებს ამ ავტობუსებით გაყვანას სთავაზობენ, რაზეც თბილისი პრაიდის მონაწილეები უარს ამბობენ.

lgbtq პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს და პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, ძალადობის წახალისება დაგმონ, ასევე გააკეთონ განცხადება, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ ლგბტქი ადამიანების მიერ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

კონტრაქციის მონაწილეები თბილისი პრაიდის აქტივისტებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია. წინაღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან, რომ "რუსთაველი განმეორდება". შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. მაშინ ლგბტ აქტივისტები სწორედ ყვითელი ავტობუსით გაიყვანა პოლიციამ.

კომენტარები