ფალავანდიშვილი: შევქმნით მოძრაობას, რომელიც თვითონ ალაგმავს LGBT პირთა ნებისმიერ ღონისძიებას

GDS

ფაშისტური ჯგუფის წარმომადგენლის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, თბილისი პრაიდის მხარდამჭერების გამოხატვა "ერისთვის მავნებელია". მისი თქმით, "ისინი იქცევიან უწესოდ, ანუ ეს არის წესის დარღვევა".

"სამართალდამცველი უნდა იყოს ჩვენ მხარეს, თუ სამართალდამცველი მათ არ აღკვეთავს, ეს არის სამართალდარღვევა, ამიტომ ბატონებო, ჩვენ ვაპირებთ სახალხო მოძრაობის შექმნას, რომელიც თვითონ დაიცავს წესრიგს და თვითონ ალაგმავს მათ ნებისმიერ ღონისძიებას, რომ მათ არ ჩაატარონ უწესობის პროპაგანდა" - ამბობს ფალავანდიშვილი და აღნიშნავს, რომ ისინი "თვითდადგენილი კანონით" იმოქმედებენ.

მთავრობის კანცელარიის კიბეებთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერთა აქცია გრძელდება. ისინი კონტრაქციის მონაწილეებისგან კვლავ პოლიციის კორდონით არიან გამოყოფილები. ფაშისტური ჯგუფების კონტრაქცია კანცელარიის შენობასთან მიმდინარეობს.

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, 4 მათგანი დააკავეს. კონტრაქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლის დარღვევას (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარის თქმით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ მთავრობის კანცელარიის ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გასვლას.

"ალყაში ვართ ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ.

1) ველოდებით ხელისუფლების განცხადებებს. დაიგმოს ძალადობა და აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფაზე.

2) არ ვაპირებთ აქედან მორიგ ჯერზე ყვითელი ავტობუსებით გასვლას! პოლიციას შეუძლია უზრუნველყოს ფაშისტური ჯგუფების გაყვანა ამ მეთოდით!

#პრაიდიიქნება" - წერს თაბაგარი Facebook-ზე.

კომენტარები