ეკა ბესელია

ბესელია კადრებზე: დაემთხვა გარემოებები ვიღაცის გვარს - გამოძიება ან სუსტია, ან ხელს აფარებს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

დეპუტატი ამბობს, რომ გაეცნო საქმის მასალებს და მისცა ჩვენებაც, სადაც დაასახელა საეჭვო პირთა წრე. მეტ დეტალზე ეკა ბესელია დღეს არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ განცხადებას ახალი პარტიის დაფუძნების და ყრილობის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 20 ივნისსაა დაგეგმილი. დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ საქმეში რამდენიმე ადამიანია და მათგან ერთ-ერთის გვარი მოქმედი დეპუტატის გვარს ემთხვევა.

"თუ ამას ვერ იძიებენ და ვერ ადგენენ დამნაშავეებს ძალოვანი უწყებებები, ეს არის ან სისუსტის მაჩვენებელი, ან იმის, რომ ხელს აფარებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. ორიდან ერთია. ვნახე საქმის მასალები, მივეცი მოკლე ჩვენება, დავასახელე საეჭვო პირთა წრე. მოგვიანებით ვისაუბრებ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც ვფიქრობ, რომ არის საეჭვო და პასუხები უნდა მოვისმინოთ ღიად. არ მინდა ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. ვარ იურისტი და კარგად ვიცი, როდესაც ვსაუბრობ ვინმეს ბრალეულობაზე, საჭიროა მტკიცებულებები. მაგრამ კითხვებს ვსვამ, რომ დაემთხვა რაღაც გარემოებები ვიღაცის გვარს, სადაც გარკვეული პირთა ჯგუფი მიცემულია პასუხისგებაში და იგივე ქმედებისთვის არ არის სხვა რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემული. თუ ვლაპარაკობთ კანონის წინაშე თანასწორობაზე, მაშინ, ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს მიდგომა. დაემთხვა [დეპუტატის] გვარი, მე არ ვამბობ, რომ ის ადამიანია მონაწილე", - ამბობს ის.

ბესელიას განმარტებით, საქმეში არის რამდენიმე ადამიანი, ვინც აღიარებს, რომ გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა პასუხისმგებლობაში მიცემული არ არის. მისი თქმით, ისინი ცნობილი პოლიტიკოსები არ არიან, მაგრამ გვარია ცნობადი.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა პირველ დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან და შემთხვევითი დამთხვევები ასეთ საქმეზე არ ხდება. ეკა ბესელიას თქმით, საკმარისი დროა გასული იმისთვის, რათა გამოძიებას კითხვებზე პასუხები გაეცა. ეკა ბესელია აქვს განცდა, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების მიზანი მისი გაჩუმება და გაჩერება იყო. დეპუტატის თქმით, გამოძიებამ უნდა დაუმტკიცოს, თუ ეს ასე არ არის.

"ასეთი მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, რომლის დროსაც მოხდა ადამიანების შანტაჟი, სწორედ მათი ოჯახური საიდუმლოებებით თუ უკანონო ჩანაწერით. მე ამ საქმესთან დაკავშირებით ველოდები ამ დრომდე იმ დაპირებას, რომელიც მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან საჯარო სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე, როდესაც მათ თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო. თუმცა, ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს არც იმის განცდა, რომ შესაძლოა ის ადამიანები რეალურად იყვნენ გამოძიების მიერ დადგენილი. იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა ჩემი გაჩერებისთვის და დადუმებისთვის. თუ ეს ასე არ არის, დამიმტკიცონ სხვა რამე, მაჩვენონ სხვა ფაქტობრივი გარემოება და მე არ მიჭირს სახელი დავარქვა პირუთვნელად, რა ხდება", - ამბობს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1-ლ თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო".

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები