საარსებო მინიმუმი

საქსტატმა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 368.8-დან 378.9 ლარამდე გაზარდა

საქსტატი 2019 წლის მაისის თვის საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 190.1 ლარია, რაც აპრილთან შედარებით 5.1 ლარით მეტია.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი ამ მონაცემებით 318.9 ლარია.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 269.4 ლარია, სამსულიანის 303.1, ოთხსულიანის კი 336.8 ლარი. აპრილში ორსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 262.2 ლარს შეადგენდა, სამსულიანის 295-ს, ხოლო ოთხსულიანის 327.8-ს.

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი აპრილისთვის განსაზღვრულია 378.9 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 448-ით. გასულ თვეში, იგივე მონაცემები, შესაბამისად, 368.8 და 436 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები