გამოხატვის თავისუფლება

ბოკერია: სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და არა სახელმწიფოს ჩარევა

ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, სიძულვილის ენის დარეგულირება პირდაპირი საფრთხეა მედიის და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის. საგანგებო ბრიფინგზე გიგა ბოკერია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების რეგულირება უნდა მოხდეს.

"თქვენ გახსოვთ, ამის სპიკერი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ე.წ ფეიქ ნიუსთან ბრძოლის საბაბით უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, შემდეგ მათ დაიწყეს ლაპარაკი სიძულვილის ენაზე, ამას დაემთხვა ბატონი კვიციანის ინიციატივა [რელიგიური] გრძნობების დაცვაზე და შემდეგ ვნახეთ, ივანიშვილის რეჟიმის ერთერთი მთავარი ინსტრუმენტის, მარეგულირებელი კომისიის კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ საუბრობს, რომ 1. მათი კონტროლი უნდა გავრცელდეს მთელ ინტერნეტსივრცეზე და 2. ქცევის კოდექსი, რომელიც თვითრეგულირების საკითხს წარმოადგენს ანუ როგორი უნდა იყოს რეპორტაჟი, რა არის ჟურნალისტური სტანდარტი, რასაც აქამდე, 2007 წელს მიღებული კანონით არეგულირებდა თვითონ მედია, ახლა უნდა გადავიდეს სახელმწიფოს ხელში ანუ ბატონი ბექაურის ხელში და ამათი მურუსიძის სასამართლოს ხელში.

ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიის და პოლიტიკური დისკუსიიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ ვითომ კეთილშობილური დროშით სიძულვილის ენის წინააღმდეგ, მაშინ როცა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები არიან სიძულვილის ენის მებაირახტრეები. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები და არა სახელმწიფოს ჩარევა, ჩვენ ყველამ ვიცით, ამ ჩარევის შედეგად რა შედეგი დადგება" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გაიხსენა საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი, როცა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელევიზიებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სამი სარეკლამო რგოლის (პოლიტიკური წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლები) სამაუწყებლო ბადიდან ამოღება მოსთხოვა.

"ამაზე სრულიად აბსურდული პოზიციაც კი დააფიქსირეს, მაშინ როცა, საკანონმდებლო საბაბიც არ ჰქონდათ. ახლა უნდათ, შექმნან ეს საბაბი, რათა უფრო ეფექტურად შეზღუდონ მედიის და პოლიტიკური ოპონენტის სიტყვის თავისუფლება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. მოქმედებენ სრულიად უტიფრად. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს გააჩნია სამაგალითო კანონდებლობა სიტყვის და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს არის საყოველთაო აზრი, რომ 2004 წელს მიღებული კანონი არის, ერთერთი საუკეთესო კანონი პოლიტიკური დისკუსიის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, არამხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო გარეთაც კი. ახლა მათ სურთ, ეს საფუძველი გამოაცალონ ჩენს დემოკრატიას, იმიტომ, რომ არიან შეშფოთებული არჩევნების წინ. ეს ეს არის მართლაც საგანგაშო ვითარება, მე მინდა მოვუწოდო ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ჯგუფს, სამოქალაქო საზოგადებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სრულიად უკომპრომისო, აბსოლუტურ დაპირისპირებაზე მოდის და უნდათ, რომ ეს მოასწრონ შემდეგი საარჩევნო სეზონის დაწყების წინ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და ყველა დემოკრატიული, კანონიერი მეთოდით დავუპირისპირდეთ მათ და მძიმე პოლიტიკური ფასი დავუჯინოთ, რაკი აირჩიეს სრული კონფრონტაცია საზოგადოებასთან და დემოკრატიულ ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა მივიღოთ და ვიღებთ ამ გამოწვევას" - თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ფრაზა, რომ "საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს", ზუსტად გამოხატავს ხელისუფლების ამოცანას.

"მათ არ მოსწონთ დღევანდელი კანონმდებლობა, იმიტომ, რომ ის იცავს პოლიტიკური ოპონენტის, მედიის, ჟურნალისტის თავისუფლებას და რთულია, ხელისუფლებამ ამ კანონმდებლობის დაცვით შეზღუდოს კრიტიკა, ამიტომ, ძალიან გულწრფელი ნათქვამია, რომ უნდათ შეზღუდონ. უნდათ, კანონმდებლობა მოარგონ მათ ამოცანებს, ამას უფრო ფართო შედეგები ექნება, ამის გამოყენების ცდუნება ექნებათ ყველა ვითარებაში, როცა მათ პოლიტიკურ საფრთხეს შეუქნის რაიმე კამპანია და მერე იტყვიან, კანონმდებლობის მიხედვით ვმოქმედებთო" - ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველოს დეპუტატის აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ცუდი კანონებია.

"იმის გამო, რომ იქ არის დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, არის პრეცედენტული გადაწყვეტილებები, ეს არ უქმნის დრამატულ საფრთხეს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის ცუდი კანონებია. საქართველო იყო მოწინავე ამ თვალსაზრისით. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ხელისუფლების დროს გვქონდა ეს გამოწვევა, მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ კანონი ყოფილიყო სამაგალითო და ძალიან რთული ყოფილიყო კანონის ფარგლებში, შინაარსის გამო სპიკერის, ჟურნალისტის, პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯენის გადადგმა. გვახსოვს, შევარდნაძის დროს, დიდი თანხებით აჯარიმებდნენ მედიას, ეს შეწყდა, სიტყვის თავისუფლებას სხვა პრობლემები ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, თუმცა, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვიყავით სამაგალითოები. ახლა უნდათ, ეს საფუძველიც გამოაცალონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მან იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებაც შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ სიძულვილის ენის რეგულირება ეუთოს რეკომენდაციაა.

ძალიან მაგრად გაუგიათ ეს რეკომენდაცია. პრობლემაა სიძულვილის ენა, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი, ქართული ოცნება და სხვა ჯგუფები მისდევენ. სადაც მოწოდებაა ძალადობისკენ და მყისიერი საფრთხე, ეს დასჯადია დღევანდელი კანონმდებლობითაც, მაგრამ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არათუ მოწოდებას, არამედ ძალადობასაც არ სჯის, როცა პროპუტინურ და მათ მოკავშირე ჯგუფებზეა საუბარი. უტიფრობა და ფარისევლობაა ამის მომიზეზება, სრული ფრონტი გახსნეს, ეს არის სერიოზული საკითხი, ეს არის დიდი საფრთხის მატარებელი, ძალიან სახიფათო გზაზე აყენებს 2020 წლის არჩევნების წინ ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, გამოწვევა უნდა მივიღოთ და სრულფასოვნად დავუპირისპირდეთ პოლიტიკური და დემოკრატიული მეთოდებით" - თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზანი "სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან" დაცვაა.

"სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა ამოვიდეს და გადავიდეს რეგულირების საკითხში. ევროპაში ეს ნორმა რეგულირდება. დაინტერესებული პირი, თუ მის მიმართ სიძულვილის ენა გამოყენებულ იქნა, ანუ დაირღვა კანონმდებლობა, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და თუ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა გასაჩივრების საშუალება კომისიაში ან სასამართლოში", - ამბობს უწყების ხელმძღვანელი, კახა ბექაური.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას "ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური" უწოდა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და წამყვან კომიტეტში განიხილება. საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც, მისი თქმით, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს.

"გეთანხმებით, რომ კანონპროექტი თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო. ჩვენ ზომებს მივიღებთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები