დიდი ბრიტანეთი

მეის შემცვლელის ასარჩევად კონსერვატიული პარტიის პირველ კენჭისყრაში ბორის ჯონსონი ლიდერობს

ბორის ჯონსონი
Reuters

ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ტერეზა მეის შემცვლელის ასარჩევად პირველი კენჭისყრა გაიმართა. ყველაზე მეტი ხმა ლონდონის ყოფილმა მერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა. მან 114 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტია 43 ხმით. გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვმა კი 37 ხმა მიიღო.

ხმების რაოდენობის მიხედვით კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტისათვის ბრძოლას სამი კანდიდატი გამოეთიშა, მათ შორის ორივე ქალი კანდიდატი - ანდრეა ლიდსომი და ესტერ მაკვეი, ისევე როგორც მარკ ჰარპერი.

პოსტისთვის ბრძოლას შემდეგი კვირიდან 7 კანდიდატი გააგრძელებს. მათ შორის არის ბრექსითის ყოფილი მინისტრი დომინიკ რაბი, რომელმაც დღეს 27 ხმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი (23 ხმა), ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი (20 ხმა) და საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი (19 ხმა).

მეის შემცვლელის ვინაობა საბოლოოდ 22 ივლისს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები