ირანის ბირთვული შეთანხმება

მასი ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე: გვსურს ვალდებულებების შესრულება, სასწაულს ვერ მოვახდენთ

ჰეიკო მასი და ჯავად ზარიფი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მასი ირანელ კოლეგას, ჯავად ზარიფს შეხვდა. მათ ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მათ თქვეს, რომ აუცილებელია სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება. ჰეიკო მასის თქმით ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას სურთ შეთანხმების შენარჩუნება.

"ჩვენ გვსურს ჩვენი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ სასწაულს ვერ მოვახდენთ, მაგრამ შევეცდებით [შეთანხმების] მარცხის თავიდან აცილებას... რეგიონში სიტუაცია ძალიან ფეთქებადია და სერიოზულია. არსებული დაძაბულობის ესკალაციამ შესაძლოა სამხედრო ესკალაციამდე მიგვიყვანოს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის. მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

კომენტარები