ირანის ბირთვული შეთანხმება

როუჰანი: თუ შეთანხმებას ვერ შევინარჩუნებთ, ბირთვულ პროგრამას გავაგრძელებთ

დონალდ ტრამპი, ჰასან როუჰანი
EPA

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს და ირანს 2015 წელს შეთანხმების ფარგლებში მოხსნილ სანქციებს დაუბრუნებს.

ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც გადაწყვეტს, დაეხმაროს ირანს თავისი მიზნის შესრულებაში, მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს.

ირანში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პარლამენის წევრებმა აშშ-ის დროშა დაწვეს და განაცხადეს, რომ ტრამპს "გონებრივი შესაძლებლობები" აკლია.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთთან და ჩინეთთან ერთად, არსებული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას აპირებენ.

ირანის პრეზიდენტის თქმით ქვეყანა მზადაა ამ ქვეყნებთან შეთანხმების შენარჩუნებაზე იმუშაოს, თუმცა თუ შეთანხმების გადარჩენა ვერ მოხდება ურანის გამდიდრების პროგრამას განაახლებს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მოწონება დაიმსახურა საუდის არაბეთსა და ისრაელში.

ტრამპმა გადაწყვეტილების დასასაბუთებლად ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოპოვებული მასალა გამოიყენა. 

"გასულ კვირას ისრაელმა გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომელსაც დიდხანს მალავდა ირანი. თუკი მე შევინარჩუნნებდი ამ შეთანხმებას, მალე შუა აღმოსავლეთში ბირთვული იარაღებით ომი დაიწყებოდა, რადგან ყველას მოუნდებოდა ჰქონოდა მზად თავისი იარაღი იმ დროისთვის, როცა ირანს ექნებოდა თავისი,"- განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტები და დისკები, რომლებიც ისრაელის თქმით ამტკიცებს, რომ ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს წლების მანძილზე ატყუებდა, როდესაც აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა.

დონალდ ტრამპს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 12 მაისამდე ჰქონდა. ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა, თუმცა, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპი ვერ დაარწმუნეს არ დაეტოვებინა ირანის ბირთვული შეთანხმება.

კომენტარები