ყაზახეთი

ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 500-მდე მომიტინგე დააპატიმრეს

EPA

ყაზახეთის პოლიციამ საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 500-მდე ადამიანი დააკავა.

საპროტესტო აქციები დედაქალაქ ნურ-სულთანში და ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათიში გაიმართა. ასობით მომიტინგე მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდება. დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები და ჟურნალისტები. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ მათი სახლებიც გაჩხრიკა.

ყაზახეთში არჩევნები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად იმართება მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

გარდამავალი პრეზიდენტი მის მიერ არჩეული კასიმ ჯომარტ-ტოკაევი გახდა, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და მოსალოდნელია, რომ გამარჯვებას სწორედ ის მოიპოვებს.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები არათავისუფალ და უსამართლო გარემოში მიმდინარეობს. ტოკაევმა მათი პროტესტი უარყო და თქვა, რომ პროცესი ღია და დემოკრატიულია.

კომენტარები