აშშ-მექსიკა

აშშ-მა და მექსიკამ ტარიფების თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწიეს

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-მა და მექსიკამ ტარიფების თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწიეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით მექსიკა დათანხმდა გადადგას უპრეცედენტო ნაბიჯები, რათა შეაჩეროს აშშ-ში მექსიკიდან არალეგალური მიგრანტების შესვლა.

შეთანხმებას აშშ-ში მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარსელო ებრარდის სამდღიანი ვიზიტის ბოლოს მიაღწიეს.

მექსიკა დათანხმდა გვატემალის საზღვარზე დამატებით 6,000 სამხედრო განეთავსებინა და გაეძლიერებინა ბრძოლა ტრეფიკინგთან. აშშ თავის მხრივ გააფართოვებს აპლიკაციის განხილვის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა მექსიკაში დაბრუნების პროგრამას, თუმცა დააჩქარებს განხილვის პროცესს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აშშ-მა მექსიკასთან შეთანხმებას მიაღწია. მექსიკისათვის ტარიფების დაწესება, რომელიც ორშაბათს იყო დაანონსებული, განუსაზღვრელი დროით გადაიდო. სანაცვლოდ მექსიკა დათანხმდა მიიღოს მკაცრი ზომები მიგრაციის ნაკადის შესაჩერებლად ჩვენს სამხრეთ საზღვარზე. ეს ემსახურება იმას, რომ დრამატულად შემცირდეს ან გაქრეს არალეგალური ემიგრაცია მექსიკიდან აშშ-ში. შეთანხმების დეტალებს სახელმწიფო დეპარტამენტი უმოკლეს დროში გაავრცელებს. გმადლობთ!" დაწერა საკუთარ ტვიტერზე დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალური მიგრაციის გამო მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას მომდევნო კვირიდან გეგმავდა.

"10 ივნისიდან აშშ ქვეყანაში მექსიკიდან შემომავალ ყველა საქონელს 5%-იან ტარიფს დაუწესებს, მანამდე, სანამ მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა არ შეწყდება. ტარიფები ნელ-ნელა გაიზრდება, სანამ არალეგალური მიგრაციის პრობლემა გადაწყდება." დაწერა მან.

გარდა ამისა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კონგრესის გვერდის ავლით სასაზღვრო კედელის მშენებლობა დააფინანსოს. ტრამპს ასევე მიაჩნია, რომ მექსიკა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საკამარისს არ აკეთებს.

მექსიკამ გვატემალის საზღვარზე ეროვნული გვარდიის 6,000 წევრი უკვე გაგზავნა, რათა აშშ-ში არალეგალი მიგრანტების მექსიკის გავლით შესვლა შეაჩეროს.

კომენტარები