ფინანსთა სამინისტრო

ბიზნესომბუდსმენი: "ოქროს სიის" კომპანიებთან კონსულტაციებამდე, ცვლილება არ უნდა შევიდეს

ირაკლი ლექვინაძე
www.facebook.com/businessombudsman

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ე.წ კომპანიების ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით, ნაჩქარევს უწოდებს.

ლექვინაძე ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, ცვლილებების ამოქმედებამდე კომპანიებთან კონსულტაციები გამართოს.

"ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება "ოქროს სიას", სადაც არის ყველაზე რეპუტაციული კომპანიები და მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებს, ეს ცვლილება, მე ვფიქრობ, ბიზნესთან უნდა იყოს შეთანხმებული. ფინანსური მოდელის დროში სწრაფად გადაწყობა არის საკმაოდ რთული ამ კომპანიებისთვის და, მინიმუმ, რაც უნდა მოხდეს, მე ვფიქრობ, მანამ, სანამ აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსთა სამინისტროში კონსულტაციები არ გაიმართება, მოხდეს იმ მოცემულობის შენარჩუნება, რომელიც დღეს ჩვენ რეალურად გვაქვს,"- ამბობს ლექვინაძე.

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით კომპანიების ე.წ ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავსს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.

შესაბამის ბრძანებას ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებზე და მათ საქონელზეც გავრცელდება. 

ეს ცვლილებები აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება, ხოლო არააქციზურის მიმართ - 2 ივლისს. 

ტაბულა ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რა საფუძველი ჰქონდა მინისტრს ამ ცვლილების მისაღებად და იყვნენ თუ არა ოქროს სიაში მყოფი კომპანიები შესაბამისი ცვლილების შესახებ ინფორმირებულები. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.

კომენტარები