სექსუალური შევიწროება

შსს: ქუთაისში 300 ლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც ქუჩაში უცნობი ქალი სექსუალურად შეავიწროვა

jogja.tribunnews.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 3 ივნისს, შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც უცნობ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

"შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალურად შეავიწროვა 1986 წელს დაბადებული მ. ს.-ს. მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი. სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ. მ. სცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართა.

"ამან ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენს მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას" - აცხადებს შსს.

კომენტარები