აშშ-მექსიკა

ტრამპის თქმით მექსიკას არალეგალური მიგრაციის გამო ტარიფებს მომდევნო კვირიდან დაუწესებს

დონალდ ტრამპი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტისას თქვა, რომ სავარაუდოდ, მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს ახალ ტარიფებს მომდევნო კვირას დაუწესებს. ახალი ტარიფების შემოღების მიზეზად ტრამპი მექსიკიდან აშშ-ში გადასული არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდას ასახელებს.

გასულ კვირას მან თქვა, რომ მექსიკას ტარიფები 10 ივნისიდან დაუწესდებოდა.

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა თქვა, რომ იმედი აქვს, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწევენ, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებები საკმარისი არ იქნება:

"ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსალოდნელია, რომ ტარიფები დაწესდება. მექსიკამ მეტი უნდა გააკეთოს ჩვენს ქვეყანაში ამ შემოჭრის შესაჩერებლად." თქვა მან ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"10 ივნისიდან აშშ ქვეყანაში მექსიკიდან შემომავალ ყველა საქონელს 5%-იან ტარიფს დაუწესებს, მანამდე, სანამ მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა არ შეწყდება. ტარიფები ნელ-ნელა გაიზრდება, სანამ არალეგალური მიგრაციის პრობლემა გადაწყდება."

ტრამპის თქმით პირველ ოქტომბრამდე ტარიფები 25%-მდე გაიზრდება. თეთრ სახლში ამბობენ, რომ ტარიფების დასაწესებლად პრეზიდენტი საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალის აქტს გამოიყენებს.

დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კონგრესის გვერდის ავლით სასაზღვრო კედელის მშენებლობა დააფინანსოს. ტრამპს ასევე მიაჩნია, რომ მექსიკა არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საკამარისს არ აკეთებს.

კომენტარები