ინფლაცია

მაისში ინფლაციის დონე 4.7% იყო

ტაბულა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მაისში ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის მაისთან შედარებით 4.7% შეადგინა. გასულ თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.5% იყო.

წლიური ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი იყო ფასების ზრდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. მაგალისთისთვის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასებმა 33.7%-ით მოიმატა, თევზეულის 13.5%-ით, პურისა და პურპროდუქტების 11.6%-ით, ხოლო ხორცისა და ხორცპროდუქტების 7.2%-ით.

ამას გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. თამბაქოს ნაწარმის ფასი გასული წლის მაისთან შედარებით 44.6%-ით გაძვირდა. ამ სფეროში ფასების ზრდის ძირითადი განმაპირობებელი გაზრდილი აქციზის გადასახადია.

ფასები ასევე მომატებულია ტრანსპორტის, დასვენებისა და გართობის და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში.

წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად ინფლაციის ზრდა აგრეთვე სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია. განსაკუთრებითაა გაძვირებული ბოსტნეული და ბაღჩეული (8.1%) და ხილი და ყურძენი (7.1%). თუმცა 5.7%-ით გაიაფდა რძის, ყველისა და კვერხცის ქვეჯგუფის პროდუქტები. აპრილთან შედარებით გაზრდილია ფასები აგრეთვე ტრანსპორტისა და სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროებში.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 29 მაისს თქვა, "ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანი არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი" და რომ "საქართველოში ინფლაცია არის ზომიერ ფარგლებში". ამისდა მიუხედავად, ინფლაციის მაჩვენებელი კვლავაც აჭარბებს მიზნობრივ 3%-ს. აპრილში ინფლაციის წლიური დონე 4.1% იყო.

 

კომენტარები