მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ განვითარებას

მამუკა ბახტაძე
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძის თქმით, კახეთს აქვს პოტენციალი, რომელიც აქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიანთ ოჯახებში იგრძნონ ეკონომიკური წინსვლა.

პრემიერმინისტრმა კახეთზე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე - კახეთი 2019“ - სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ბახტაძის თქმით, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დატოვა მემკვიდრეობით, რასაც მიზანმიმართული პოლიტიკა სჭირდება, რომ ქართული ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს

"ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე. გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეეხება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩვენ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა მემკვიდრეობაში და ბუნებრივია, ამას სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო 2018 წელი, ვინაიდან, სწორედ 2018 წელს ჩატარებული რთველი იყო ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი მოგვცა, თუმცა ჩვენ შორს ვართ სასურველი ნიშნულიდან. ჩვენი შეფასებით, მხოლოდ კახეთის რეგიონი რომ ავიღოთ, ეკონომიკური პოტენციალის 25 პროცენტია მხოლოდ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ულამაზეს კუთხეში გვაქვს ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და რაც მთავარია- ინკლუზიური განვითარების რესურსი“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ უცხოელი ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ სურვილი, საქართველოში ინვესტიციები განხორციელება. ბახტაძე ამბობს, რომ მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გაცნობას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

„კახეთი არის საქართველოს ულამაზესი კუთხე, თავისი დიდი ისტორიით, ტრადიციით, ის არის მეღვინეობის აკვანი და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს კულტურაში. კახეთში მეღვინეობა ძალიან აქტიურად ვითარდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ განვითარების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ მსხვილ ბაზარზე. კარგია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ ნაწილში ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს კონკრეტული დავალება მიცემული ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, ბახტაძე ამბობს, რომ კახეთის რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი სხვადასხვა მცენარეული კულტურების განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ კახეთში ბოლო წლების განმავლობაში კაკლოვანი კულტურების პოპულარიზაცია მოხდა. კაკლოვანი კულტურების განვითარება აქტუალურია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთვის. კახეთში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის კულტურები, რომელიც შეიძლება ვიღაცას ეგზოტიკად მოეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებთ, კახეთის რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამის მაგალითია ზეთისხილის გაშენება, რომელიც ძალიან მზარდი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებითაც დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ კახეთი ხდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს.

ბახტაძის თქმით, კახეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე დასრულდება.

„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019“ წინანდალში გაიმართა. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა კახეთის რეგიონისთვის.

კომენტარები