ლარმა გაუფასურების ახალი ანტირეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1.21 თეთრით გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7997 ლარია. არსებობის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არასოდეს ყოფილა. კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.84 ლარს აღწევს.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 0.54 თეთრით გაუფასურდა. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1236 ლარია. კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში კი, მისი შეძენა 3.15-3.18 ლარად შეგიძლიათ.
ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.
სამი თვეა, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით კი, "შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება".





