ლარის გაუფასურება

გვენეტაძე: ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება ხოლმე

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გასული სამი წლის მაგალითებიდან ჩანს, თუ როგორ მოჰყვება ლარის გაუფასურებას მისი გამყარება დღევანდელის მსგავს პირობებში.

"შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი, თუ გადახედავთ ბოლო სამი წლის სტატისტიკურ ინფორმაციას რამდენიმე არის და თვალშისაცემია, რომ ასე ხდება ხოლმე."

ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ გვენეტაძემ 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს გაუფასურების ზუსტი მიზეზების დადგენა მონაცემების არქონის გამო ამ ეტაპისთვის არ შეუძლია.

"გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და ამავე დროს, მათ უმეტესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც არის ზუსტად, რომ ვალუტის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, უმეტეს შემთხვევაში არ არის და ზუსტად ამ მიზეზის გამო, ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები, მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყევებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ." - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

გვენეტაძეს ლარის გამყარების იმედს დოლარისა და ლირას მდგომარეობა აძლევს:

"ზოგადად, დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს და დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია ეს ინდექსი. ამავე დროს, თურქული ლირას გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა." - აცხადებს ის.

შეგახსნებთ, რომ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ღირებულება უკვე 2.80 ლარს აცდა. კომერციულ ჯიხურებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, ბანკებში - 2.84 ლარი.

რაც შეეხება ევროს, კომერციულ ჯიხურებში მისი შეძენა 3.14 ლარად შეგიძლიათ, ბანკებში კი, მისი ღირებულება 3.18 ლარია.

ლარი გუშინ ოფიციალური კურსითაც რეკორდულად გაუფასურდა. არსებობის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ასეთი გაუფასურებული არასოდეს ყოფილა.

სამი თვეა, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 11 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

კომენტარები