რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნით, 25 მაისს პარტნიორთა კრება გაიმართება

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი
Kvira.ge

რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, მოთხოვნით 25 მაისს პარტნიორთა კრება გაიმართება. 

ამის შესახებ ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა, პრესკლუბში "კვირა" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, დავის მოგვარებისთვის საჭირო გზების მონახვა აუცილებელია. 

ამასთან, ყავლაშვილი ამბობს, რომ თუ მხარეები საარბიტრაჟო სასამართლოზე შეთანხმდებიან, მაშინ ნიჟარაძე სასამართლოდან სარჩელს უკან გაიტანს. 

"შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა. ეს გაჟღერდა რუსთავი 2-ის დირექტორის მხრიდან, ჩვენ ვეხმიანებით ამ განცხადებას და მზად ვართ, რომ მივაღწიოთ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას და ამასთან, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს მარტივი გზა გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემა მსოფლიოში წამყვანი ოთხეულიდან რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის გადაცემა. წინასწარ ვაცხადებთ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმ შედეგებს, რომელსაც ეს კომპანია დადებს,"- ამბობს ყავლაშვილი. 

ამასთან, ნინო ნიჟარაძე პარტნიორთა კრებაზე მედიის დასწრებასაც ითხოვს.

6 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და ნინო ნიჟარაძის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან დაგროვილი გადასახადების კომპენსაციას ითხოვს, ჯამში 26 მილიონ ლარს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს, მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება. 

კომენტარები