26 მაისი

დამოუკიდებლობის დღის გამო, 23 მაისიდან 27 მაისამდე თბილისში მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

Tabula

შსს-ს ინფორმაციით, 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების 
მოძრაობა შეიზღუდება.

23 მაისის, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედანზე, არამედ ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის პანდუსზე.
 

შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადი ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პუშკინის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის მიმართულებით.

ლესელიძიდან ამომსვლელი ნაკადი, ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

რუსთაველიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი ნაკადი, თავისუფლების მოედნის გავლით, ჩავა პუშკინის ქუჩაზე.

24 მაისს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

კომენტარები