არჩევნები 2019

ბოკერია: განცხადებები, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, არ მომწონს, მაგრამ პრობლემა ხელისუფლებაა

პირველი არხი

გიგა ბოკერიას თქმით, "ბოლო წლებში ძალიან სახიფათო ზღვართან მიგვიყვანა ივანიშვილმა განცხადებებით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" ისაუბრა.

"მე არ ვეთანხმები სანდრა რულოვსის ბოლო განცხადების სულისკვეთებას. მე რასაც არ ვეთანხმები, იმაზე კი არ მერიდება რამის თქმა, უბრალოდ თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ჩემი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლის ფოკუსი არის ხელისუფლების ქმედებები და არა ოპოზიციაში კონკურენტების მცდარი ნაბიჯები. 

ლოგიკურია, რომ ჩვენ (ევროპულ საქართველოს და თავისუფალ დემოკრატებს) მთავარ პრობლემად მიგვაჩნია ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება - ოპოზიციაში შეიძლება იყოს ბევრნაირი ძალა, მათ შორის ისეთი, რომლის განცხადებები კატეგორიულად არ მომწონს, მაგალითად სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაგრამ პრობლემა არის ის, ვინც ამ თამაშის წესებს ქმნის.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას - მიხეილ სააკაშვილს, სანდრა რულოვსს, ბიძინა ივანიშვილს, ყველას. ოღონდ საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ თამაშის წესები იცვლებოდეს უკეთესობისკენ. ბოლო ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში ეს პროცესი არ გვაქვს; გვაქვს საპირისპირო პროცესი და ძალიან სახიფათო ზღვართან მიგვიყვანა ივანიშვილმა ამ განცხადებებით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ამიტომ არის შალვა შავგულიძის მაგალითი საკვანძო მაგალითი", - თქვა ბოკერიამ. 

19 მაისის ზუგდიდში ენმ-ის და კიდევ 12 პარტიის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო. ის ქართული ოცნების კანდიდატთან, გიორგი შენგელიასთან პირველივე ტურში დამარცხდა. რულოვსმა ხმების 42.75% მიიღო, შენგელიამ - 54,45%; შედეგების გამოცხადების შემდეგ სანდრა რულოვსმა გააკეთა განცხადება, რომ ზუგდიდიდან დაიწყება საპროტესტო ტალღა და თბილისში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება. 

19 მაისს საქართველოს რამდენიმე ოლქში, მათ შორის, ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში მერის, თბილისში, მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევნები ჩატარდა. მხოლოდ მთაწმინდაზე გაიმართება მეორე ტური. აქ ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი, ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები