არჩევნები 2019

კახიძე: ევროპული საქართველო ენმ-ის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

ტაბულა

ევროპული საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ენმ-ის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებში. 

პარტიის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, ოპოზიციის საპროტესტო ელექტორატის მთავარი კონცენტრაცია მოხდეს მთაწმინდაზე, რათა სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება შეძლონ. 

ამასთან, კახიძის თქმით, კონსტიტუცია ყველა ადამიანისა და პოლიტიკური გაერთიანების უფლებას იცავს - მშვიდობიანი ფორმით გამოხატოს პროტესტი და ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება. 

"ევროპული საქართველო" აქციებს და მიტინგებს განიხილავს, როგორც ლეგიტიმურ საშუალებას ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის და ამ შემთხვევაშიც, პროტესტი არის სამართლიანი, რომელიც უკავშირდება არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში გამოვლენილ არაერთ დარღვევას, თუმცა, ამ ეტაპზე "ევროპული საქართველოს" ხედვები სხვა მიმართულებით არის აქცენტირებული.

ყველა მიტინგს და აქციას აქვს თავისი დრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის დედაქალაქის ცენტრში არჩევნების მეორე ტური. შალვა შავგულიძე, "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი მეორე ტურშია სახელისუფლებო კანდიდატთან და ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ბრძოლაზე.

ეს არის გარდამტეხი ეტაპი იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დავამარცხოთ და გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან, შედგეს ფართო პოლიტიკური კოალიცია "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" გარშემო და შავგულიძის გამარჯვება იყოს საეტაპო ამ დიდ ბრძოლაში.

ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ბრძოლა, რომელიც ამ შემთხვევაში მთაწმინდაზე გადის მეორე ტურში" - ამბობს ოთარ კახიძე.

სანდრა რულოვსმა თქვა, რომ ენმ-მ და კიდევ 12-მა პარტიამ საპროტესტო აქციების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. რულოვსის თქმით, საპროტესტო ტალღა ზუგდიდან უნდა დაიწყოს და ივანიშვილის სახლთან, თბილისში უნდა დასრულდეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ივანიშვილმა "საქართველოს თავი დაანებოს". 

კომენტარები