უმუშევრობა

პირველ კვარტალში უმუშევრობა წლიურად 1.2%-ით შემცირდა - საქსტატი

benjielayug.com

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 12.8%-ს შეადგენდა. ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს ინფორმაციას. გასული წლის იმავე პერიოდში უმუშევრობა 14% იყო, წინა, 2018 წლის მეოთხე კვარტალში კი 12.3%.

წლიურად, იგივე დარჩა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი და 63.8% შეადგინა. კვარტლურად კი ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

დასაქმების დონე წლიურად 0.8%-ით არის გაზრდილი და 55.7%-ს შეადგენს, კვარტლურად კი 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. აქედან, 50.3% დაქირავებული იყო, 49.7% კი თვითდასაქმებული.

გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქებში უმუშევრობა 2.6%-ით შემცირდა, სოფლებში კი 0.2%-ით გაიზარდა. თუ ქალაქად უმუშევრობა ამჟამად 19.4%-ია, სოფლად ეს მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.

ვის თვლის სტატისტიკა დასაქმებულად?

საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. 

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს. 

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო. 

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7.7%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, მთლიანი შიდა პროდუქტის 92%-ზე მეტს ქმნის.

თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ანუ ისინი არ იხდიან გადასახადებს, რომლებსაც დაქირავებით დასაქმებულები იხდიან - რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაშიც უმნიშვნელოდ მონაწილეობენ.

კომენტარები