არჩევნები 2019

ირაკლი ჩიქოვანი: პირველ ტურში დასრულდება არჩევნები, გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის გეგა შენგელიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი ზუგდიდში სიტუაციის არევაა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, თუმცა, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებზე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა საბოლოოდ გავაფორმოთ ჩვენი გამარჯვება. ახლა იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის და ეს ადამიანები უკვე მზად არიან მოვიდნენ, დაგვიდასტურეს მათი მონაწილეობის შესახებ და ჩვენ კიდევ მეტ და დიდ უპირატესობას ველოდებით ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ.

ხოლო, რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა პროვოკაციების ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და სხვადასხვა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადზე ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, სიტუაციის ე.წ ადუღება, როგორც ისინი ამბობენ და შემდგომში ამ ვითარების გავრცობა მთელს საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდიდან ისინი ვერ მოახერხებენ. ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სრული დადასტურებაა იმ ინფორმაციისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ჩვენი შტაბის მხრიდან და ყველა ნათლად ხედავთ, რომ ზუგდიდში ჩამოსული ადამიანები, მათ შორის სანდრა რულოვსი არც არასოდეს გეგმავდა რეალურად ზუგდიდელების პრობლემებზე საუბარს და ზრუნვას, არამედ, მათი მთავარი საზრუნავი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დებოშის ატეხვა ზუგდიდში და ქაოსი სრულიად საქართველოში", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

არჩევნები მარნეულსა და ზუგდიდში ხმაურის და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები