შინაური ცხოველები

შინაური ბინადარი ცხოველის გაგდება/მიტოვება სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება

გერმანული ნაგაზი
REUTERS

კანონპროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის გაგდება/მიტოვება სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება. გაზრახ მიტოვება 100-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, ცხოველის ისეთი წამება და სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება: 

ა) შინაური ბინადარი ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით ან ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც შინაურ ბინადარ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;

ბ) შინაურ ბინადარ ცხოველთა გაგდება და მიტოვება;

გ) შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;

დ) საჭიროების შემთხვევაში შინაური ბინადარი ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;

ე) შინაურ ბინადარ ცხოველებზე ანესთეზიის და ანალგეზიის გარეშე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები;

ვ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდის კუპირება, ხმის იოგების, კლანჭების და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, შინაური ბინადარი ცხოველის სხეულის ნაწილის, რბილი ქსოვილების ან/და ძვლების, სტრუქტურის შეცვლა; გამონაკლისს წარმოადგენს შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;

ზ) შინაური ბინადარი ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურეობრივი წვრთნის შემთხვევებისა;

თ) შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათს სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;

ი) შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება რეკლამებში, კინოგადაღებებში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც შინაურ ბინადარ ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, სტრესი, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს შინაურ ბინადარ ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც შინაური ბინადარი ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;

კ) ზოოფილური აქტები შინაურ ბინადარ ცხოველებთან;

ლ) შინაური ბინადარი ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, გარდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა;

მ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევს შინაური ბინადარი ცხოველის ტანჯვას.

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 259-ე მუხლი, რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

"ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე".

დეპუტატთა ნაწილი "შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ" კანონის მიღებას ითხოვს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ინიციატორები არიან კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

"ამ კანონის მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, აგრეთვე ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა" - წერია დოკუმენტშუ.

კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვრიდან.

კომენტარები