ლიტვა

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური 26 მაისს გაიმართება

ინგრიდა სიმონიტე და გიტანას ნაუსედა

26 მაისს ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დაეგროვებინა, რათა არ გამართულიყო არჩევნების მეორე ტური, რომელიც 26 მაისს შედგება. 

ადგილობრივი საარჩევნო ცენტრის მონაცემებით, 12 მაისს ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა 57% მივიდა. მათგან, ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს, 31.13%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ეკონომისტ გიტანას ნაუსედას კი - 30.95%-მა. 

მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი მოქმედ პრეზიდენტ დალი გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს, რომელიც 2009 წლიდან ლიტვის პრეზიდენტია და რომელმაც 2 5-წლიანი ვადით იპრეზიდენტა. 

ლიტვაში პრეზიდენტს შეზღუდული ძალაუფლება აქვს, თუმცა სწორედ პრეზიდენტს აკისრია საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ქვეყნის წარდგენა ევროკავშირის სამიტებზე. პრეზიდენტი ლიტვაში ასევე ნიშნავს მინისტრებს, მოსამართლეებს, სამხედრო მეთაურებსა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს, როგორც წესი, პარლამენტის ან პრემიერმინისტრის დადასტურებით. 

NATO-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც აშშ-ის ერთერთი ძლიერი მოკავშირეა, რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან. პრეზიდენტი გრიბაუსკაიტე მათ შორის ანტირუსული და ანტიპუტინური დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა. 

ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი მოსკოვისთვის ჯაშუშობისთვის.

კომენტარები