ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

ბოკერია ნაფიც მსაჯულებზე: ერთადერთი გზაა, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მონაწილეობის განცდა

პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიგა ბოკერიას შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ერთადერთი გზაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ საფუძვლიანი განცდა, რომ თავად მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ბოკერია მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა წრე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, უნდა გაფართოვდეს.

"იქ, სადაც მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებს შორის დიდი ხნის განმავლობაში საფუძვლიანად იყო ჩამოყალიბებული უნდობლობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკეთესო და მე ვიტყოდი ერთადერთი გზაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ საფუძვლიანი განცდა, რომ თვითონ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მხარეებს შორის რეალური შეჯიბრებითობა იყოს. ყველა ის არგუმენტი, რომ ხალხს ვერ ვენდობით, რადგან კომპეტენტურები არ არიან, არის აბსურდი" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ შინაგან რწმენაში, რომლითაც ნაფიცი მსაჯულები იღებენ გადაწყვეტილებას, პროფესიონალიზმი არ არსებობს.

"თუ ადამიანებს ვენდობით იმაში, რომ ბავშვები აღზარდონ და მთავრობა აირჩიონ, მათ უნდა შეეძლოთ, რომ მართლმსაჯულება განახორციელონ. ჩემი გუნდის შეცდომა იყო, ამ ინსტიტუტის ძალიან გვიან შემოღება, მაგრამ მისი ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოების გეგმა იყო" - თქვა ბოკერიამ. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შალვა შავგულიძის ინიციატივა დაიძრას. 

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ინიციატივით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობის არეალის უნდა გაფართოვდეს. შავგულიძის შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს სასამართლოზე პოლიტიკური გავლენების შემცირებას.  

"ხელისუფლებისთვის უფრო ძნელია, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა სრულ შემადგენლობაზე, ვიდრე ერთ კონკრეტულ მოსამართლეზე" - ამბობს შავგულიძე, რომელმაც ინიციატივა ევროპული საქართველოს წევრებს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე გააცნო. შეხვედრას დამოუკიდებელი დეპუტატები – ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილიც ესწრებოდნენ.

კომენტარები