9 მაისი

ლექსო მაჭავარიანი, სავარაუდოდ, ვაკის პარკში გამართულ აქციაზე დააკავეს

ტაბულა

თვითმხილველების ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი და popmusic-ის ხელმძღვანელი ლექსო მაჭავარიანი ვაკის პარკში გამართულ აქციაზე "არა პუტინის მარშს" დააკავეს. 

წამყვანი მიშა მშვილდაძე Facebook-ზე წერს, რომ ცოტა ხნის წინ ელაპარაკა მობილურით მაჭავარიანს, რომელმაც უთხრა, რომ პრეზიდენტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს. მშვილდაძისვე თქმით, ლექსო მაჭავარიანი უახლოეს განყოფილებაშია გადაყვანილი. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას არკვევენ.

დღეს ვაკის პარკში რამდენიმე აქცია ჩატარდა. ერთი პრორუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგიური აქცია იყო, რომლის გაცხადებული მიზანი 9 მაისის, როგორც "ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნის ზეიმი" იყო, თუმცა აქციის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსულ ნარატივს აჟღერებდა. კიდევ ერთი აქცია მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიამ" გამართა, სახელწოდებით "არა პუტინის მარშს". 

სწორედ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივის მისაგებად მივიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რა დროსაც აქციის "არა პუტინის მარშს" მონაწილეები სკანდირებდნენ და ზურაბიშვილს "მონასა" და "მოღალატეს" უწოდებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დააკავეს ლექსო მაჭავარიანიც. 

კომენტარები