თურქეთი

სტამბოლში, სადაც მმართველი პარტია დამარცხდა, ხელახალი არჩევნები დაინიშნა

EPA

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სადაც მარტის ბოლოს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია დამარცხდა, საარჩევნო საბჭომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა.

ამის შესახებ მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის, რომელსაც ერდოღანი მეთაურობს, წარმომადგენელმა თქვა.

ოპოზიციამ გადაწყვეტილება დაგმო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის მხრიდან პროტესტის შემდეგ ზოგიერთ უბანზე ხმები ხელახლა გადათვალეს და გამარჯვებული კვლავ ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ აღმოჩნდა, ის გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადეს და მერის მანდატი გადასცეს. ის მუშაობას უკვე შეუდგა. საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციამ საგანგებო შეხვედრა დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ  - 30.12%.

სტამბოლში ხმათა 48.79%-ით პარტია "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ მოიგო. მის ოპონენტს მმართველი პარტიიდან ხმების 48.51% აქვს. 

ერდოღანის თქმით სტამბოლის ყველა უბანში არჩევნებს ხელი "ორგანიზებულმა დანაშაულმა" შეუშალა.

ადგილობრივ არჩევნებზე თურქეთში 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

არჩევნები თურქეთში მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 4 დამკვირვებელი მოკლეს, მათ შორის 2 ოპოზიციური პარტიის წევრი. ამასთან, დაშავდა ათობით ადამიანი.

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მანშურ იავაშმა, ხმების 50.91% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი - 47.09%. 

ოპოზიციამ გაიმარჯვა საპორტო ქალაქ იზმირშიც. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა, ხმების 58.08% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატი კი ოპონენტს მკვეთრად ჩამორჩება - მას 38.66% აქვს. 

"თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს ადანასა (53.63% - 42.83%) და ანტალიაშიც (50.62% - 46.25%).

კომენტარები