მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: სამწუხაროდ, პანკისში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო

იმედი

მამუკა ბახტაძის თქმით, ის, რაც პანკისში მოხდა, არ უნდა მომხდარიყო.  

პრემიერმინისტრმა ამის შესახებ ტვ იმედის ეთერში ისაუბრა. 

"სამწუხაროა, რომ პანკისში ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს არ შეეფერება ჩვენს წარსულს, აწმყოს, მომავალს და იმ ქვეყანას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი აშენებს. მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ, რომლებიც ამ ულამაზეს კუთხეში ცხოვრობენ. აქვე, ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მძიმე კადრები იხილა და ბუნებრივია, ეს დაუშვებელია.

ჩვენ მომზადებული გვაქვს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პანკისის ხეობის განვითარების გეგმა. იქ არსებობს პრობლემები, რაც ისტორიულად დაგროვდა და ობიექტურად სჭირდება გადაწყვეტა. 2-3 თვეში ყველა პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვფიქრობ, წარმოდგენილი გეგმა გამოწვევებს კარგად პასუხობს. ჩვენი სამინისტროები ძალიან აქტიურ კონტაქტზე არიან პანკისში მცხოვრებ მოქალაქეებთან, მეც ბევრი წერილი მივიღე ამ საკითხზე, ორშაბათსაც იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრა. უკვე კომუნიკაცია, რაც შედგა, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღირსეულად შევძლებთ ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომელიც შეიძლება არსებობდეს პანკისის ხეობაში

შესაბამისი ორგანოები აკეთებენ ანალიზს, რეალურად რასთან გვქონდა საქმე და ბუნებრივია, როდესაც ეს მომენტი დადგება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტავ ამ ყველაფერს. ფაქტი არის ერთი, რომ ის, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო", - თქვა ბახტაძემ.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი. 

კომენტარები