ინფლაცია

აპრილში წლიური ინფლაცია 4.1% იყო

საქსტატი 2019 აპრილის თვიური ინფლაციის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წინა თვესთან შედარებით, აპრილში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში შეცვლილმა ფასებმა იქონია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ამ ჯგუფში ფასებმა 0.7%-ით მოიმატა, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6%), ხილი და ყურძენი (5%), ასევე ხორცი და ხორცპროდუქტები (1%). რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე კი ფასები შემცირდა (-3.8%).

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები მომატებულია 1.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.02% შეადგინა. ფასები გაიზარდა ტანსაცმელზეც (1.7%) და ფეხსაცმელზეც (1.1%).

  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები გაიზარდა 0.7%-ით, რაც 0.03%-ით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (2.8%).

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი განსაზღვრა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.82%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8%), თევზეული (13.9%), პური და პურპროდუქტები (11.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.7%). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-22.3%).
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1%-ით, რაც 1.38%-ით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.4%).
  • დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.2%-ით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41% შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.7%).
  • ტრანსპორტი: ჯგუფში ფასებმა 2.3%-ით მოიმატა, რაც 0.29%-ით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5%).

კომენტარები