ევროპული საქართველო

ხოშტარია ჩაჩიბაიას განცხადებაზე: რუსული ნარატივია, აფხაზეთის ომს სამოქალაქო ომი უწოდო

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აფხაზეთის ომი საქართველოს "სამოქალაქო ომად" მოიხსენია

ხოშტარიას შეფასებით, რუსული ნარატივის ნაწილია იმის თქმა, რომ რუსეთს ამ ომში პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. 

"ეს განცხადება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაში რუსეთის აგრესიისა და მისი პასუხისმგებლობის დაყვანა შიდა კონფლიქტამდე რუსული ნარატივია. რუსეთი ამბობს ამას, რომ იქ შიდა კონფლიქტები იყო და თავად პასუხისმგებლები არ არიან. გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად გენშტაბის უფროსმა ამაზე განმარტება უნდა გააკეთოს, ეს ყველაფერი დამაფიქრებელია, რა ტიპის პოლიტიკურ კლიმატში ვცხოვრობთ, როდესაც სახელმწიფოზე პასუხისმგებელი პირები ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებენ,"- ამბობს ხოშტარია. 

გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, შეფასებით, ბოლო 28 წელში 4 ომიდან მხოლოდ ერთი იყო რუსეთთან. 

"28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ 4 ომი გამოიარა. 3 სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი თავდაცვის ძალები ვითარდება,"- თქვა ჩაჩიბაიამ. 

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

კომენტარები