ესპანეთის საპარლამენტო არჩევნები 2019

ესპანეთში სოციალისტები ლიდერობენ, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნაა საჭირო

The Guardian

ესპანეთში ხმების 50% უკვე დათვლილია. ამჟამინდელი ინფორმაციით, სოციალისტურმა პარტიამ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.

ულტრამემარჯვენე პარტია ვოქსი პარლამენტში 23 ადგილს დაიკავებს. დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს შემდეგ ეს პირველი ულტრამემარჯვენე პარტიაა, რომელიც ესპანეთის პარლამენტში შევა.

2016 წლის შემდეგ პარლამენტში სახალხო პარტიის ადგილები მკვეთრად, 137 ადგილიდან 66-მდე შემცირდა.

ულტრამემარცხენე პარტიის "ჩვენ შეგვიძლია" ადგილებიც 71-დან 42-მდე შემცირდა, ხოლო

ცენტრისტული პარტიის "მოქალაქეების" ადგილები 55-მდე გაიზარდა.

იმ შემთვევაში, თუ სოციალისტური პარტია ულტრამემარცხენე პარტიის მხარდაჭერას მოიპოვებს, პარტიები კოალიციას შექმნიან და მთავრობას ჩამოაყალიბებენ. თუმცა, ამისთვის რეგიონული ბასკებისა და კატალონიური პარტიების მხარდაჭერაც არის საჭირო. მთავრობის შექმნისთვის მინიმუმ 176 ადგილის დაკავება არის აუცილებელი.

პარტია "მოქალაქეებისა" და ვოქსის მხარდაჭერის მიუხედავად, სახალხო პარტიის მარცხის გამო მემარჯვენე იდეოლოგიის მთავრობის ფორმირება ამჟამად შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ესპანეთის 52 რეგიონში ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატისთვის 350 დეპუტატსა და 208 სენატორს ირჩევენ. უცნობია, შედგება თუ არა კოალიცია, ამიტომ პოლარიზებულ გარემოში ხელახალი არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავენ.

სოციალისტები - ტრადიციული მემარცხენე იდეოლოგიის პროევროპული პარტიაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ გადასახადები მაღალი უნდა იყოს, ხოლო სოციალურ დახმარებებზე მეტი უნდა დაიხარჯოს. პარტიას მეტი დიალოგი სურს კატალონიელებთან, თუმცა რეგიონის გამოყოფას ეწინააღმდეგებიან.

პარტია "ჩვენ შეგვიძლია" - ულტრამემარცხენე პარტია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. ის პროევროპულია და გარემოს დაცვის პრიორიტეტი აქვს. მათ სურთ. რომ კორპორაციებსა და მდიდარ მოქალაქეებს მაღალი გადასახადები დაუწესდეს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ რეგიონებს თვითგამორკვევის უფლება უნდა ჰქონდეთ.

პარტია "მოქალაქეები" - ცენტრისტული მემარჯვენე პარტია, რომელიც ბაზრის პრინციპებს ემხრობა. პარტია კატალონიის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება.

სახალხო პარტია - კონსერვატული იდეოლოგიის პროევროპული პარტია. პარტიას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება სურს. ისინი ეწინააღმდეგებიან კატალონიის გამოყოფას.

ვოქსი - ულტრამემარჯვენე პარტია, რომელიც მულტიკულტურალიზმს ეწინააღმდეგება და ესპანეთის რეგიონების თვითმმართველობის დასრულება სურთ.

კომენტარები