შრი ლანკა

შრი ლანკის პრეზიდენტის თქმით აფეთქებების ორგანიზატორი სასტუმროზე თავდასხმისას მოკვდა

AFP

შრი ლანკის პრეზიდენტის თქმით კვირას ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების მთავარი ორგანიზატორი თავდასხმებისას დაიღუპა.

მაითრიპალა სირისენას თქმით მთავარი ორგანიზატორი რადიკალი მქადაგებელი, ზაჰრან ჰაშიმი იყო და ის სასტუმრო Shangri-La-ზე თავდასხმისას მოკვდა.

ჰაშიმი იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შრი ლანკაზე ბუდისტური ქანდაკებები დააზიანა. ის იუთუბზე ვიდეოებს აქვეყნებდა და არა-მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობისაკენ მოუწოდებდა.

თავდასხმების შემდეგ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჰაშიმი და კიდევ 6 პირი, რომლებსაც სახე დაფარული აქვთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ კვირას განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობდნენ, ტერორისტულ დაჯგუფებას ერთგულებას უცხადებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ჰქონდა თუ არა ჰაშიმს უშუალო კავშირი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან.

სირისენას თქმით ქვეყნის უშიშროების სამსახურმა გამოავლინა 130 ადამიანი, რომელთაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან აქვთ კავშირი. მათგან 70-ზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ შრი ლანკაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-დან 253-მდე ჩამოვიდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით მსხვერპლის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება დათვლისას დაშვებულმა შეცდომამ და გარდაცვლილთა ამოცნობის სირთულემ გამოიწვია.

პოლიციამ უკვე დაადგინა 9 თავდამსხმელის ვინაობა. ყველა მათგანი შრი ლანკელია. მათ შორის ერთი ქალია. ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ყველას ჰქონდა განათლება მიღებული. ორი თავდამსხმელი კი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის შვილია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გამოძეიბა ადგილობრივ დაჯგუფებებსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის კავშირს იკვლევს.

შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცით აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი თავდასხმა ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩარჩის მეჩეთებში მომხდარი სროლის საპასუხოდ განახორციელეს, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მისი თქმით თავდასხმებში ორი ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება მონაწილეობდა.

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილს ინდოეთის სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათის მხრიდან შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

ინფორმაციაზე არასათანადო რეაგირების გამო თანამდებობა დატოვეს პოლიციის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ.

კომენტარები