შრი ლანკა

შრი ლანკაში 3 ეკლესიასა და 4 სასტუმროში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა

Getty Images

შრი ლანკაში 3 ეკლესიასა და 4 სასტუმროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის 38 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის აშშ-ს, ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ნიდერლანდების და პორტუგალიის.

პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 40 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი სირიის მოქალაქეა. ამ დრომდე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

აშშ-ის დაზვერვის წყაროების მიხედვით თავდასხმას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელწერა აქვს. შრი ლანკას გამოძიებაში დახმარება აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზეს.

შრი-ლანკას გამომძიებლის თქმით, 21 აპრილის აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ მომხდარში საერთაშორისო ქსელი იყო ჩართული. მთავრობის წარმომადგენლის არიანანდა ველიანგას თქმით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შანგრილას სასტუმროში აიფეთქა თავი, ორმა სხვა სასტუმროებში, ხოლო დანარჩენებმა ეკლესიებში.

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილს ინდოეთის სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათის მხრიდან შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

შეგახსენებთ, რომ კვირას აფეთქება სამ ეკლესიასა და ოთხ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა.

საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით, კიდევ ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა ის აფეთქებამდე განაღმეს.

კომენტარები