ნინო სალუქვაძის ლიცენზია

ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ საქართველოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელსაც პეკინი მასპინძლობს, ნინო სალუქვაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც 176.9 ქულით მე-5-მე-6 ადგილები დაიკავა. ეს ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.

ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. მის გარდა, ამდენ ოლიმპიადაზე მხოლოდ კანოისტ ჯოზეფა იდემ-გერინის (1984-2012) და ნიჩბოსან ლესლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უასპარეზიათ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. 1988 წელს, სეულში, ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი ბრინჯაოს.

2016 წელს, რიო და ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძემ შვილთან ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზა. თამაშების ისტორიაში ისინი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები