ყაზტრანსგაზ-თბილისი

ყაზტრანსგაზი: გლდანში დაკეტილ ბინაში გაზის ონკანი იყო გახსნილი და გაზი გროვდებოდა

ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, "გლდანში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა". კომპანიის ინფორმაციით, გაზის ძლიერი სუნის შესახებ შეტყობინება ცხელ ხაზზე შევიდა.

"სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის ძლიერი კონცენტრაცია ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში და სავენტილაციო არხში დააფიქსირა. ასევე, სპეციალურმა აპარატმა გაზის დაგროვება დაადასტურა დაკეტილ ბინაში. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ მრიცხველიდან გამომავალი გაზის ონკანი იყო გახსნილი და ბინაში გაზი გროვდებოდა. აღმოჩნდა, რომ დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს. ასევე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი მათ ჯერ კიდევ გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა დღეს დილამდე არავის დაურეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე. დაკეტილ ბინაში და შემდეგ უკვე კორპუსში მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა გაზის სუნი" - აცხადებს ყაზტრანსგაზ-თბილისი და მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. დღევანდელი შემთხვევა საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ აღნიშნულ მისამართზე, მეზობლების თქმით, გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა კომპანიას მხოლოდ დღეს შეატყობინეს. ყაზტრანსგაზ-თბილისი გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე" - აცხადებს ყაზტრანსგაზი.

კომენტარები