საარსებო მინიმუმი

საქსტატის დირექტორი: სასურსათო კალათის შემადგენლობის დადგენა ჩვენი კომპეტენცია არაა

გოგიტა თოდრაძე

საქსტატის აღამსრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 22 აპრილს პირველი არხის ეთერში საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიაზე ისაუბრა.

თოდრაძის განცხადებით, სასურსათო კალათის შემადგენლობას განსაზღვრავს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილება, საქსტატის ამოცანა კი მხოლოდ მასში შემავალი პროდუქტების ფასის დადგენაა.

"ფასებს ვაკვირდებით ყოველთვიურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ანალოგიურ პროდუქციაზე. ამ ფასებზე დაკვირვებით განვსაზღვრავთ სასურსათო კალათაში შემავალი თითოეული პროდუქტის ფასს, რომლის გამრავლებითაც დღიურ ნორმებზე ვიღებთ სასურსათო კალათის შუალედურ ღირებულებას" - ამბობს საქსტატის დირექტორი.

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია, სასურსათო კალათის დღიური ღირებულება დღეში 2300 კილოკალორიით განისაზღვროს, გოგიტა თოდრაძე პასუხობს:

"2300 კილოკალორია ენერგეტიკული ღირებულება საკმარისი არის თუ არა, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ, ჩვენი ფუნქციებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე ავსახავთ იმ მინიმალური კალათის ღირებულებას, რომელიც დადგინდა [ჯანდაცვის სამინისტროს] ბრძანებით. 2300 უნდა იყოს, 2000 თუ 2500, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის."

შეგახსნებთ, რომ საქსტატმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მარტის მონაცემები საარსებო მინიმუმზე, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი საქსტატმა 176.9 ლარით განსაზღვრა.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 256.8 ლარია, სამსულიანის 288.9, ოთხსულიანის კი 321 ლარი.

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 361.2 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 427-ით.

გაეცანით:

სინამდვილეში რა არის საარსებო მინიმუმი?

კომენტარები