ჰესის მშენებლობა პანკისში

"სოლიდარობა პანკისის ხეობას" - პარლამენტთან აქცია იმართება

ტაბულა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. მოქალაქეები პანკისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ხეობის მაცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებენ. 

აქციის მონაწილეები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. 

"ხელისუფლებამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ პირობა დაარღვიეს. მათ მდინარის კალაპოტში სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნდა დაეწყოთ. ხელისუფლებისა და კომპანიის მიერ ადგილობრივთა მოტყუებას პანკისელთა უმკაცრესი რეაქცია მოჰყვა. ხეობის მკვიდრნი ქუჩაში გამოვიდნენ და მძიმე სამშენებლო ტექნიკას გზა გადაუღობეს. ხელისუფლებამ დღესაც ძალადობრივი გზა აირჩია, უარი თქვა პროტესტის მონაწილეებთან დისკუსიაზე და ახმეტის რაიონის სოფლებში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებულმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია დაშალეს.

სამართალდამცველთა დამატებითი ძალები ამ დრომდე რჩებიან პანკისის ხეობაში. მცირე პროვოკაციას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს," - წერია აქციის აღწერაში. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს სულ 27 ადამიანი დაშავდა, აქედან 15 სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი და 12 ადგილობრივი. 

შსს-ის ცნობითვე, მათგან 8 კლინიკაშია გადაყვანილი. 

კომენტარები