ჰესის მშენებლობა პანკისში

გახარია პანკისზე: შევთანხმდით, რომ ყველა, ვინც შსს-ის თანამშრომლებზე იძალადა, პასუხს აგებს

გიორგი გახარია
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან იმ შეთანხმებებზე საუბრობს, რომელიც მასა და პანკისის ხეობის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის შედგა. 

გახარიას თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყველა, ვინც სპეცრაზმელებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის სრული შესაბამისობით აგებს პასუხს. ამავდროულად კი, კონკრეტულ ერთ ჰესზე მუშაობა შეჩერდება იქამდე, სანამ კომპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსენსუსს არ მიაღწევს. 

"ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და ამავდროულად რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრულ შესაბამისობასთან აგებს პასუხს. მეორე, ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს, თუმცა აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის,"- ამბობს გახარია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების დროს სულ 27 ადამიანი დაშავდა, აქედან 15 სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი და 12 ადგილობრივი. 

შსს-ის ცნობითვე, მათგან 8 კლინიკაშია გადაყვანილი. 

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდნენ. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

კომენტარები